"არტ-ფოლკ ფესტ 2019" დასრულდა
 18 ივლისს ბათუმში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მხარაჭერით, საერთაშორისო ფესტივალ "არტ-ფოლკ ფესტ 2019"-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გარდა საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა, ფოლკლორული და ვოკალური ჯგუფები ესტონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდან, მათ შეასრულეს ტრადიციული სიმღერები და ცეკვები.   ღონისძიებას მომღერალი და მოცეკვავე პაატა თედიაშვილი გაუძღვა, რომელიც მაყურებელს საკუთარი სიმღერით შეხვდა. დასასრულს,  მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" დამფუძნებელი და დირექტორი მურმან გამისონია, მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვისა და ფესტივალში მონაწილეობისთვის.  აგრეთვე, საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილმა, რის შემდეგაც გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც თითოეულმა ანსამბლმა სპეციალური დიპლომი და საპატიო პრიზი მიიღო. ამავე კონცერტზე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გადაწყვეტილებით, მალხაზ პაჭკორიას კავშირის უმაღლესი ჯილდოს "ქორეოგრაფიის რაინდის" წოდება მიენიჭა. გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე "არტ-ფოლკ ფესტ 2019" საზოგადოებას მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა.  
 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები;  შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.