წესდება



1.ზოგადი დებულებანი


1.1.საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი (შემდგომში “კავშირი”) არის წევრობაზე დაფუძნებული ქორეოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედ მუშაკთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.2. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წესდების წინამდებარე რედაქცია მიღებულია საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მესამე (რიგგარეშე) ყრილობაზე, ხოლო, წესდებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები მიღებული და დამტკიცებულია კავშირის 5-ე  ყრილობაზე და კავშირის რიგგარეშე ყრილობაზე  საქართველოს კანონის “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” მოთხოვნების საფუძველზე. წინამდებარე კავშირი წარმოადგენს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის უფლებამონაცვლეს.
1.3. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი დაფუძნებული იქნა 1990 წელს და რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 29 ოქტომბრის #637 დადგენილებით. კავშირმა 1994 წლის 6 ოქტომბერს იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია (კოლეგიის დადგენილება #17/6), სარეგისტრაციო მოწმობა #1706. 1996 წლის 29 მარტს კავშირის მე-2 ყრილობაზე მიღებულ იქნა წესდების ახალი რედაქცია, რომელიც რეგისტრირებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1996 წლის 22 ივნისს (კოლეგიის დადგენილება #24/17).
1.4.კავშირი ხელახალი რეგისტრაციის დღიდან წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, იმყოფება დამოუკიდებელ ბალანსზე, აქვს ბეჭედი და სიმბოლიკა თავისი სახელწოდებით.
საიდენტიფიკაციო კოდი: 201950601
1.5. კავშირის დასახელებაა:
-ქართულ ენაზე - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი
-რუსულ ენაზე СОЮЗ ХОРЕОГРАФОВ ГРУЗИИ
-ინგლისურ ენაზე - GEORGIAN UNION OF CHOREOGHRAPHERS
1.6. კავშირი თავისი მიზნების მისაღწევად ფლობს საკუთარ ქონებას, იგი საკუთარი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
1.7.კავშირის ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
1.8.სახელმწიფო პასუხს არ აგებს კავშირის ვალდებულებებზე, ისევე როგორც კავშირი არ აგებს პასუხს სახელმწიფოს ვალდებულებებზე.
1.9.კავშირი არ კისრულობს ქონებრივ პასუხისმგებლობას თავისი წევრის ქონებრივ ვალდებულებებზე, კავშირის წევრი კი კავშირის ვალდებულებებზე.
1.10.კავშირი ფუნქციონირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კავშირის იურიდიული მისამართია საქართველო, თბილისი, ც. დადიანის ქ. #26.
1.11.ტელ-ფაქსი: +99532 354841;
1.12.E-mail: choreographers_union@yahoo.com; choreographers_union@mail.ru
1.13.www.qor.ge

2. კავშირის უფლებები


2.1.კავშირს უფლება აქვს:
-თავისი კომპენტეციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქორეოგრაფიული ხელოვნების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვაში, წინადადებით მიმართოს და ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების, აგრეთვე, შემოქმედი მუშაკის სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საკითხებზე;
-გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ;
-შექმნას ავტონომიურ რესპუბლიკებსა, რეგიონებსა და ქალაქებში კავშირის ადგილობრივი ორგანიზაციები;
-წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და ფონდი, შექმნას ორგანიზაცია;
-განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს;
-ჰქონდეს  ანგარიშსწორებისა  და  სხვა  ანგარიშები  (მ.შ.  სავალუტო) საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, აგრეთვე სავალუტო ანგარიში უცხო ქვეყნის ბანკში;
-ქორეოგრაფიის მოღვაწეები წარადგინოს სახელმწიფო პრემიებისა და საპატიო წოდებების მისანიჭებლად;
-ჩაატაროს ღონისძიებები ქორეოგრაფიის გამოჩენილ მოღვაწეთა უკვდავსაყოფად;
-თავისი წესდების შესაბამისად გაერთიანდეს საერთაშორისო შემოქმედებით ორგანიზაციებში, დაამყაროს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები, გააფორმოს ხელშეკრულება უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ჰქონდეს საკუთარი ფილიალები საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

3.კავშირის მიზნები და საქმიანობის საგანი

3.1.კავშირის მიზანია, კანონით დადგენილი წესით, ხელი შეუწყოს ქორეოგრაფიული ხელოვნების აღორძინებას და პროპაგანდას, მასების ესთეტიკურ აღზრდას და მხატვრულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ქართული ხალხური, კლასიკური, სამეჯლისო, თანამედროვე და საქართველოში მცხოვრები სხვა ერების ქორეოგრაფიის მემკვიდრეობას საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით.
3.2.კავშირის ძირითადი ამოცანაა იზრუნოს ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველა სახისა და ჟანრის განვითარებისათვის, მტკიცედ დაიცვას და განავითაროს ქართული ქორეოგრაფიის მრავალსაუკუნოვანი ჯანსაღი ტრადიციები, იბრძოლოს მანკიერებათა წინააღმდეგ, როგორც ცეკვის დადგმისა და შესრულების, ისე სწავლების პროცესში.
3.3.აღნიშნული მიზნების მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კავშირი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
- ცეკვის ანსამბლების, შემსწავლელი წრეების, სტუდიებისა და სხვა სახის სასწავლო, მეთოდურ-სამეცნიერო დაწესებულებების შექმნა;
-  სხვადასხვა ჟანრის პროფესიული და მოყვარულთა ქორეოგრაფიული ანსამბლების შექმნა;
-  ოლიმპიადების, ფესტივალების, დათვალიერებების, კონკურსების, ცეკვის დღესასწაულების ორგანიზაცია და ჩატარება;
-  ქართული ხალხური საცეკვაო ფოლკლორის შესანარჩუნებლად და პოპულარიზაციისათვის ხალხური ცეკვების შეგროვება და დაფიქსირება, ფოლკლორული ექსპედიციების ჩატარება, ფოლკლორის კაბინეტის დაარსება, გამოფენების მოწყობა და ა.შ.;
- მუსიკოს-აკომპანიატორთა შემსწავლელი სტუდიების დაარსება;
- ქორეოგრაფთა საავტორო კონცერტების ჩატარება;
- ქორეოგრაფთა შემოქმედებითი ზრდისა და პროფესიული დაოსტატების მიზნით კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მოწყობა, კონკურსების ჩატარება საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმის, სოლისტ შემსრულებლების, ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსავლენად და წასახალისებლად;
- ქორეოგრაფიული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების, ახალგაზრდების გამოვლენა და მათთან მუშაობა ქორეოგრაფიული ზრდისა და შემდგომი პროფესიული დაოსტატების კუთხით;
- ქორეოგრაფიის კადრების პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლებისა და შემოწმების მიზნით საატესტაციო კომისიის შექმნა კულტურის და ძეგლთა დაცვის, განათლების და მეცნირების სამინისტროსთან, შემოქმედებით კავშირებთან; ატესტაციის შედეგების მიხედვით ანსამბლებსა და სტუდიებში ქორეოგრაფთა და მასწავლებელთა შერჩევა, დაკომპლექტება და პასპორტიზაცია;
- ქორეოგრაფიული ხელოვნების პრაქტიკისა და თეორიის საკითხებზე სემინარების, შემოქმედებითი პლენუმების, კონფერენციების, ლექტორიუმების, სამეცნიერო სესიების, თათბირების გამართვა. ქორეოგრაფიული ანსამბლებისათვის პრაქტიკული და შემოქმედებითი დახმარების გაწევის მიზნით, კონსულტაციების ჩატარება ქორეოგრაფ-სპეციალისტის მიერ;
- შემოქმედებითი საღამოების, იუბილეების, ლექცია-კონცერტების, დისკუსიების და შეხვედრების მოწყობა;
- საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტისათვის დახმარების გაწევა საცეკვაო კოლექტივების, ცეკვის ნიმუშებისა და ქორეოგრაფიის საკითხებზე გადაცემების შერჩევაში;
- ქორეოგრაფიული ხელოვნების სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებასა და შერჩევაზე ზრუნვა;
- ქართული ცეკვის ექსპერიმენტულ-შემოქმედებითი ლაბორატორიის შექმნა, სტუდიური მოძრაობის განვითარების ხელის შეწყობა;
- საგამომცემლო საქმიანობა, წიგნების, გაზეთების, მემუარების, ალბომების, ბუკლეტების, მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემა ქორეოგრაფიის საკითხებზე. პერიოდულად ქორეოგრაფიაში მიღებული წესით ჩაწერილი, ხალხური და სასცენო ცეკვების ნიმუშების დაბეჭდვა და სხვა;
- კავშირის ყველაზე აქტიური და გამორჩეული წევრების ფულადი პრემიებით, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება;
- კავშირისა და მათი ოჯახის წევრებზე კავშირის დასასვენებელი სახლების საგზურების გაცემა, საგზურის ღირებულების შეღავათების განსაზღვრა;
- შრომით მოწყობაში დახმარების გაწევა ქორეოგრაფიის იმ მოღვაწეთათვის, რომელთაც დაკარგეს სპეციალობით მუშაობის უნარი;
- ქორეოგრაფიული ხელოვნების ვეტერანებზე ზრუნვა;
- ვეტერანთა საბჭოების შექმნა და სათანადო დახმარების გაწევა;
- ლატარიების გათამაშება;
- ორგანიზება გაუკეთოს სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსებისა და დათვალიერებების ჩატარებას;
- აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქორეოგრაფიული ხელოვნების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებაში;
- რეგიონულ მმართველობით სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით მოახდინოს კავშირის წევრი წარმატებული პირების გამოვლენა, ჰქონდეს მათთვის საპატიო წოდების მისანიჭებლად წარდგენის უფლება;
- დააწესოს კავშირის სახელობითი პრემიები   განსაკუთრებული წარმატების მქონე კავშირის წევრი ცალკეული პირებისათვის მინიჭების მიზნით, ჩამოაყალიბოს პრემიების გადაცემის გამჭვირვალე სისტემა.
3.4. კავშირს უფლება აქვს გასწიოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ნებადართულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და არ ცვლის მის ხასიათს.

4. კავშირის წევრის უფლებები და მოვალეობები

4.1. კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი), რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ქორეოგრაფიული ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია და რომლებიც პასუხობენ საქართველოს კანონის “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” მოთხოვნებს, აღიარებენ წინამდებარე წესდებას და მონაწილეობას მიიღებენ კავშირის საქმიანობაში.
4.2. კავშირი შედგება ინდივიდუალური და საპატიო წევრებისაგან.
4.3. კავშირში წევრთა მიღება ხორციელდება პირადი განცხადებისა და რეკომენდაციის საფუძველზე. კავშირის წევრად მიღების თაობაზე გადაწყვეტილება გამოაქვს გამგეობას.
4.4. კავშირის წევრად მიღებულ პირს ეძლევა საწევრო ბარათი.
4.5. კავშირის წევრი, გარდა საპატიო წევრებისა, მოვალეა გადაიხადოს ყრილობის მიერ დადგენილი საწევრო გადასახადი წელიწადში ერთხელ, ინდივიდუალური წევრობის 75 ლარი, ხოლო, კოლექტიური საწევრო გადასახადი 150 ლარი.
4.6. კავშირი ვალდებულია დაიცვას თავისი წევრის უფლებები და ღირსებები.
4.7. კავშირის წევრს უფლება აქვს:
- აირჩიოს და არჩეული იქნას კავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში;
-   წარმოადგინოს წინადადებები კავშირის შესაბამის ორგანოებში, კავშირისა და მასთან დაქვემდებარებულ ორგანიზაციებისა და საწარმოების მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე;
- კავშირის სახელით იმოქმედოს შესაბამისი მინდობილობით და გააკეთოს განცხადება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
-  ისარგებლოს კავშირის ყველა სახის შემოქმედებითი, საკონსულტაციო და მეთოდური ხასიათის დახმარებებით;
-  მიიღოს მათ კომპეტენციაში შემავალი ინფორმაცია კავშირისა და მის სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების მუშაობის შესახებ;
- ისარგებლოს კავშირის მიერ დადგენილი სოციალურ-საყოფაცხოვრებო დახმარებითა და შეღავათებით;
- მიმართოს კავშირის გამგეობას შემოქმედებითი საკითხების და ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებით საქმიანობასა და პროფესიული უფლებების დაცვასთან;
- იყოს სხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი;
-   თავისუფლად გავიდეს კავშირის წევრობიდან.
4.8. კავშირის წევრი ვალდებულია:
- დაიცვას კავშირის წესდება; შეასრულოს კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა გადაწყვეტილებანი;
-  აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის მუშაობაში და პირადი საქმიანობით ხელი შეუწყოს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას, გაამდიდროს იგი შემოქმედებითი მრავალფეროვნებით;
- მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით დაიცვას ხელოვნების ეთიკური ნორმები და ტრადიციები;
-  დაიცვას კავშირის საქმიანობის კონფიდენციალობა;
-  დროულად გადაიხადოს საწევრო შენატანები;
4.9.  წესდების დარღვევის შემთხვევაში კავშირის წევრის მიმართ მიიღება შემდეგი დისციპლინური ზომები:
- მითითება;
- კავშირის წევრობიდან გარიცხვა;
- დისციპლინური ზომის ფორმას განსაზღვრავს ფილიალი (ადგილობრივი ორგანიზაცია) ან კავშირის გამგეობა.
4.10. კავშირის წევრობიდან გაირიცხებიან:
- ანტისაზოგადოებრივი და ამორალური საქციელისათვის, რომელიც ბღალავს ქორეოგრაფის სახელსა და ღირსებას;
- საწევრო შესატანის გადაუხდელობისათვის 1 წლის მანძილზე.
4.11. კავშირის წევრობიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ხმათა უბრალო უმრავლესობით. გარიცხულ წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
4.12. კავშირის წევრად აღდგენა შესაძლებელია გარიცხვიდან სამი წლის შემდეგ.
4.13. შეიქმნას საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრის ეთიკის კოდექსი.

5. კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა

5.1 კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ორგანიზაციულ სტრუქტურას, ირჩევს მართვის ორგანოებს და ქორეოგრაფთა კავშირის წევრთა სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი, სამოქალაქო-სამართლებრივი ინტერესების დაცვისას, დამოუკიდებლად ირჩევს სამოქმედო პროგრამას საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5.2 კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა რეგისტრირებული კავშირი. მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები და ერთეულები რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
5.3 კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს კავშირის აჭარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ორგანიზაციები, საქალაქო ან რაიონული, რეგიონალური ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ ქორეოგრაფთა კავშირის წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად, რომელთაც ამტკიცებს კავშირის გამგეობა.


6. კავშირის მართვა-ხელმძღვანელი ორგანოები

6.1 კავშირის მართვის უმაღლესი, ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთა ყრილობა (საერთო კრება), შემდგომში ყრილობა (საერთო კრება), რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
6.2 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ტარდება 6 წელიწადში ერთხელ.
6.3 ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის მართვის უმაღლესი, ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობასაც კავშირის წევრთაგან 6 წლის უფლებამოსილების ვადით ირჩევს ყრილობა. 
6.4 ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონალური, რაიონული ან საქალაქო ორგანიზაციების მართვის უმაღლესი ორგანოა-კონფერენცია (კრება) ხოლო, კონფერენციებს (კრებებს) შორის პერიოდში-გამგეობა.

7. კავშირის ყრილობა:

7.1. კავშირის ყრილობა მოიწვევა გამგეობის გადაწყვეტილებით.
7.2. რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა კავშირის წევრთა მეათედის ან გამგეობის მოთხოვნით.
7.3. ყრილობის დელეგატთა რაოდენობას (წარმომადგენლობით ნორმასა და წესს) განსაზღვრავს კავშირის გამგეობა კავშირის თავმჯდომარის წარდგინებით.
7.4.  ყრილობაზე საკითხი წყდება ხმის მიცემით, წარმომადგენელი ფლობს ერთ ხმას.
7.5. ყრილობის მოწვევის თარიღის, ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ყველა დელაგატს  უნდა ეცნობოს წერილობით, ან კავშირის   ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით ყრილობამდე 2 თვით ადრე;
7.6. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის 2/3.
7.7.  ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბარი განაწილება საკითხის უარყოფას ნიშნავს.
7.8.  ყრილობის გადაწყვეტილება კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ყრილობის დღის წესრიგში იყო   შეტანილი.
7.9. ყრილობის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა კავშირის   მართვის ყველა ორგანოს, წევრის, სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის;
7.10. ყრილობის მუშაობას ხელმძღვანელობს კავშირის თავმჯდომარე, მისი არ- ყოფნისას, ერთ-ერთი მოადგილე.
7.11. ყრილობას ჰყავს პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ორგანიზაციას უკეთებს განსახილველად გამოტანილი საკითხის ყრილობისათვის წარდგენას, უზრუნველყოფს აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმებას.
7.12.   ყრილობის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ დგება ოქმი.
7.13.   ყრილობის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე, პასუხისმგებელი მდივანი და ამოწმებენ კავშირის ბეჭდით. ყრილობების ოქმები ინახება კავშირის მმართველობის მუდმივმოქმედი ორგანოების ადგილმდებარეობის მიხედვით და უნდა წარედგინოს კავშირის წევრებს გასაცნობად მათი მოთხოვნისთანავე.
7.14.  ყრილობა:
- განსაზღვრავს კავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მოქმედების პროგრამასა და მის საფინანსო პოლიტიკას მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის;
- ამტკიცებს დღის წესრიგსა და რეგლამენტს, კავშირის ბიუჯეტს;
- იღებს კავშირის წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ამტკიცებს ინსტრუქციას კავშირის ორგანოების არჩევნების შესახებ, შრომის შინაგანაწესს, კავშირის გამგეობის მუშაობის რეგლამენტს, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დებულებას, პასუხისმგებელი მდივნის დებულებას და სხვა შიდა დებულებებს, ინსტრუქციებს, განსაზღვრავს საწევრო-შენატანების მოცულობას;
- ისმენს კავშირის გამგეობის ანგარიშს, იხილავს მას და შეფასებას აძლევს გამგეობის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ მუშაობას;
- ისმენს, იხილავს და ამტკიცებს   კავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშს;
- ირჩევს კავშირის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის წარდგენით თავმჯდომარის მოადგილეებს, პასუხისმგებელ მდივანს, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, ისმენს მათი მუშაობის ანგარიშებს;
- განსაზღვრავს გამგეობის წევრთა რაოდენობას და ირჩევს კავშირის გამგეობის პერსონალურ შემადგენლობას;
- იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო (საცეკვაო, ფოლკლორულ) გაერთიანებებში (ასოციაციებში) გაწევრიანების  (ან გასვლის) შესახებ;
- იღებს გადაწყვეტილებას კავშირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ;

8. კავშირის გამგეობა

8.1.  ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა  გამგეობა, რომლის შემადგენლობასაც 37 წევრის რაოდენობით, 6 წლიანი უფლებამოსილების ვადით, ღია ან ფარული კენჭისყრით ირჩევს ყრილობა;
8.2. გამგეობის შემადგენლობაში შედიან: ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პასუხისმგებელი მდივანი, კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფების თავმჯდომარეები, კავშირის წევრები;
8.3. გამგეობა ანგარიშვალდებულია კავშირის ყრილობის წინაშე;
8.4. გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 2-ჯერ  წელიწადში. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან გამგეობის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.
8.5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა გამგეობის წევრი ვერ ახერხებს გამგეობის სხდომაზე დასწრებას,   მას შეუძლია პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა გამგეობის სხდომის მუშაობაში.
8.6. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3-სა. გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
8.7. გამგეობის სხდომებს იწვევს და უძღვება ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, ხოლო, მისი არყოფნისას – ერთ-ერთი მოადგილეა  და პასუხისმგებელი მდივანი.
8.8. გამგეობის დადგენილებები შესასრულებლად სავალდებულოა ქორეოგრაფთა კავშირის წევრის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.
8.9. გამგეობის მიერ მიღებულ დადგენილებათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე.
8.10. გამგეობის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს.
8.11. გამგეობის წევრს, რომელიც სისტემატურად არ ესწრება გამგეობის სხდომებს, არ ასრულებს წესდების მოთხოვნებსა და ქორეოგრაფთა კავშირის ორგანოების დადგენილებებს, გამგეობის დადგენილებით შეიძლება ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება და გამოყვანილი (გამოწვეული) იქნეს გამგეობის წევრობიდან, რაც, რეგულირდება ამ წესდებით და ინსტრუქციით, ,,საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორაგნოების არჩევნების შესახებ,, რომლესაც ამტკიცებს ყრილობა.
8.12. გამგეობა:
-ამტკიცებს კავშირის მართვის აპარატის სტრუქტურას (საშტატო განრიგს), კავშირის ხარჯთაღრიცხვას  და იხილავს მისი შესრულების მდგომარეობას;
- იღებს კავშირის სტრუქტული ქვედანაყოფების შესახებ დებულებებს;
- განსაზღვრავს ყრილობაზე დელეგატთა წარმომადგენლობით ნორმას (კვოტას);
-  უზრუნველყოფს ყრილობის, საანგარიშო-საარჩევნო კამპანიის მომზადებისა და ჩატარების წესს;
- იღებს გადაწყვეტილებებს კავშირის საერთო საკუთრების (ქონების), განკარგვის თაობაზე, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის განხორცილების თაობაზე, იღებს გადაწყვეტილებებს კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის (ლიკვიდაციის) შესახებ, მათში წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
- იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოების შეძენის, გასხვისების, კრედიტების, სესხების აღებისა და გაცემის შესახებ.
- გამგეობა ანიჭებს კავშირის ყრილობის დელეგატის უფლებამოსილებას თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, პასუხისმგებელ მდივანს და სხვა;
- იღებს გადაწყვეტილებებს ყველა სხვა მიმდინარე საკითხზე, რაც წარმოიშვება ყრილობებს შორის   პერიოდში და ოპერატიულ გადაწყვეტილებას მოითხოვს და არ განეკუთვნება ყრილობის განსაკუთრებულ კომპეტენციას.

9. კავშირის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები,
პასუხისმგებელი მდივანი

9.1. კავშირის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და პასუხისმგებელი მდივანი წარმართავენ ქორეოგრაფთა კავშირის საქმიანობას და ანგარიშვალდებულნი არიან ყრილობისა და გამგეობის წინაშე.
9.2.  კავშირის ყრილობასა და გამგეობის მუშაობას ხელმძღვანელობს კავშირის თავმჯდომარე, რომელსაც პირდაპირი ღია ან ფარული კენჭისყრით კავშირის წევრთაგან ირჩევს ყრილობა 6 წლის უფლებამოსილების ვადით ალტერნატიულ საფუძველზე, მისი ხელახალი არჩევის უფლებით.
9.3. კავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ კავშირში გაერთიანებულ შემოქმედებით ჯგუფებს, კავშირის ცალკეულ წევრებს. აკრძალულია წარმოდგენილი კანდიდატურის შეზღუდვა ასაკობრივი ან სხვა მოტივით.
9.4.  საინიციატივო ჯგუფმა ყრილობამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე უნდა წარმოადგინოს თავმჯდომარის კანდიდატურა არანაკლებ 50 კაცის მხარდამჭერთა სიით და სამოქმედო პროგრამით.
კავშირის თავმჯდომარის არჩევის წესი ვრცლად გაწერილია ინსტრუქციაში ,,საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანოების არჩევნების შესახებ,, რომლსაც ამტკიცებს ყრილობა.


9.5. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეა ლაუზი ჭანიშვილი, პ. #01030010666 დაბადებული 1937 წლის 21 ივნისს ქობულეთში, მცხოვრები ქ. თბილისი გუთნის ქ. #49.
9.6. კავშირის თავმჯდომარე:
- ახორციელებს კავშირის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს.
9.7.  წარმოადგენს კავშირს ხელისუფლების ორგანოებში, დამსაქმებელთა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისოა ორგანიზაციებში;
9.8. იწვევს და წარმართავს გამგეობის სხდომებს;
9.9. თავმჯდომარეობს ყრილობასა და გამგეობის   სხდომებს;
9.10. გამგეობის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში განკარგავს კავშირის ქონებასა და ფულად სახსრებს;
9.11. ყრილობისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად კავშირის სახელით აფორმებს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, მემორანდუმებს და სხვა დოკუმენტებს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მართვის ორგანოებთან და დამსაქმებლებთან;
9.12. გამგეობის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად აკომპლექტებს აპარატს;
9.13. კავშირის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, რომლებიც სავალდებულოა გამგეობის ყველა წევრის, მუშაკის, კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
9.14. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამუშაო ადგილზე არყოფნისას, დროის ლიმიტისა და კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, კავშირის თავმჯდომარეს შეუძლია ბრძანება, განკარგულება გამოსცეს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან ტელეფონოგრამით.
9.15. კავშირის თავმჯდომარის მოადგილეები და პასუხისმგებელი მდივანი ხელმძღვანელობენ კავშირის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და ანგარიშვალდებულნი არიან კავშირის თავმჯდომარის წინაშე;
9.16. კავშირის თავმჯდომარის სამუშაო ადგილზე დროებით არყოფნისას (მივლინება, შვებულება, ავადმყოფობა და სხვა.) მის მოვალეობას ასრულებს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე კავშირის თავმჯდომარის წარდგინებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა.
9.17.  კავშირის თავმჯდომარის მოადგილეები და პასუხისმგებელი მდივანი:
- კავშირის თავმჯდომარეს ჰყავს 4 მოადგილე, რომლებიც აირჩევიან ყრილობაზე კავშირის წევრთა რიგებიდან 6 წლის ვადით.
-  კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში;
-  კავშირის თავმჯდომარის მოადგილე შემოქმედებითი საქმიანობის დარგში;
-  კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კულტმასობრივი ღონისძიებების დარგში;
-  კავშირის თავმჯდომარის მოადგილე რეგიონალურ მართვისა და პოლიტიკის განსაზღვრის დარგში;
-  პასუხისმგებელი მდივნის კანდიდატურას წარადგენს თავმჯდომარე და ირჩევს ყრილობა ღია ან ფარული კენჭისყრით ექვსი წლის უფლებამოსილების ვადით.
- პასუხისმგებელი მდივანი:
კავშირის თავმჯდომარის ნებართვით კოორდინაციას უწევს კავშირის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
საერთო ხელმძღვანელობას უწევს საქმისწარმოების, შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საქმიანობას, უცხოეთთან მუშაობის საკითხებს. პასუხისმგებელი მდივნის სხვა უფლებები და მოვალეობები ვრცლად გაწერილია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებლი მდივნის დებულებაში, რომელსაც ამტკიცებს ყრილობა.
9.18. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის კავშირის თავმჯდომარეები, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იმავდროულად ითვლებიან კავშირის თავმჯდომარის მოადგილეებად.
9.19.  დაკავებული თანამდებობებიდან თავმჯდომარე და მოადგილეები შეიძლება ყრილობის მიერ გათავისუფლებულნი იქნენ მათ მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ან კავშირის წინაშე ნდობის დაკარგვის შემთხვევაში.
მათი განთავისუფლებისა და გადარჩევის წესი განსაზღვრულია ინსტრუქციით ,,საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანოების არჩევნების შესახებ, 

10. ქორეოგრაფთა კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფები

10.1. კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფის (საქალაქო ან რაიონული, რეგიონალური) შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა.
10.2. კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფი თავის საქმიანობას წარმართავს დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს ქორეოგრაფთა კავშირის გამგეობა.

11.  საკონტროლო - სარევიზიო კომისია

11.1.  კავშირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, მისი ფინანსური სახსრების ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს საკონტროლო-სარევიზიო კომისია.
11.2. საკონტროლო-სარევიზიო კომისიას 3 (სამი) წევრის შემადგენლობით, უფლებამოსილების 6 - წლიანი ვადით ირჩევს კავშირის ყრილობა.
11.3. საკონტოლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ირჩევს ყრილობა. თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევენ სარევიზიო კომისიის წევრები კომისიის სხდომაზე.
11.4. საკონტროლო-სარევიზიო კომისია და მისი თავმჯდომარე ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ კავშირის ყრილობის წინაშე.
11.5. საკონტროლო-სარევიზიო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კავშირის წესდებისა და თავისი დებულების შესაბამისად.
11.6. კავშირის სარევიზიო კომისიის საქმიანობის დაფინანსება ხორციელდება კავშირის ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კავშირის გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად, კავშირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით, სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნეს გარე აუდიტი ან სააუდიტორო კომპანია.

12.  კავშირის ქონება და სახსრები

12.1.  კავშირი ფლობს, სარგებლობს და დამოუკიდებლად განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და სახსრებს.
12.2. კავშირს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს: სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების, სასპორტო, საბავშვო დაწესებულებები, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, სტამბა, საცხოვრებელი სახლები, აგარაკები და სხვა შენობა-ნაგებობები, ფულადი სახსრები. მათ შორის, სავალუტო, ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რაც აუცილებელია მისი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
12.3. კავშირს შეუძლია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეწეოდეს სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობას, მის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების საშუალებით.
12.4.  სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და კავშირის წევრებზე არ ნაწილდება.
12.5. კავშირის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხების, ნებაყოფლობითი შენატანების, შემოწირულობებისა და სამეურნეო (ეკონომიკური) საქმიანობის შედეგად მიღებული თანხებისა და სხვა კანონიერი შემოსავლებიდან.
12.6. კავშირის წევრთა საწევროების 50% ხმარდება ქორეოგრაფთა კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ხოლო, საწევრო შენატანების თანხის 50% ქორეოგრაფიული კავშირის ცენტრალურ ბიუჯეტს. აჭარის ა.რ.,  აფხაზეთის ა. რ.   და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ორგანიზაციათა საწევრო ანარიცხების განაწილება განისაზღვრება დამატებითი შეთანხმებით.
12.7. კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების, ქონებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების წესს. კავშირის საფინანსო საქმიანობა, განხორციელებული მისი წესდების შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშგებას არ ექვემდებარება, გარდა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13.კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

13.1. კავშირის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
13.2.  კავშირის საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13.3.  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება და სახსრები ნაწილდება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ყრილობის მიერ არჩეული სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

14. დასკვნითი დებულებები

14.1. კავშირი იურიდიული პირის უფლებებსა და მოვალეობებს იძენს დადგენილი წესით რეგისტრაციის დღიდან;
14.2. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესდებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
14.3. კავშირის წესდებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები რეგისტრაციაში ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ძალაში შედის მათი შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან.